ალეკო ელისაშვილი - ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება, წავა ავტომატურად
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იმ მემორანდუმის მიხედვით, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა, ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება.
დეპუტატის თქმით, ცვლილებებში საუბარია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის ახლებურ პრინციპებზე.
„ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამას მივიღებთ, ავტომატურად, თამარ ჟვანია კომისიის თავმჯდომარე ვეღარ იქნება. მემორანდუმის ტექსტის მიხედვით, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს ინიცირება, სამივე მოსმენა პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს. ახალი კანონი იქნება, რომელიც განსაზღვრავს ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას. ბუნებრივია, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლებიან. წავა ავტომატურად, გეუბნებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.
„ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლებურად დაკომპლექტებას, ცესკო-ს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას და ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას.