ალეკო ელისაშვილი - ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს, ღარიბაშვილის მთავრობას მხარს არ დავუჭერთ
ძალიან ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს. ალბათ, ერთ-ერთი უარესი, ვინც კი შეიძლებოდა „ქართულ ოცნებას“ შეერჩია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების ლიდერმა“ ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დაასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ელისაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას მხარს არ დაუჭერს.
„ხომ ნახეთ, როგორი პრემიერი იყო? მას ნულოვანი შედეგი ჰქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრს. თვითონაც წვალობდა და ამ ქვეყანასაც აწვალებდა თავისი პრემიერობის დროს და იგივე უნდა გაგრძელდეს. ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ ისეთი ადამიანი უნდა შეერჩია, ვინც ნაბიჯებს გადადგამდა დეესკალაციისკენ, სიტუაციის განმუხტვისკენ, ვინც მოლაპარაკების მომხრე იქნებოდა, შეძლებდა ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას და მაქსიმალურად გათვალისწინებდა. ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის „ნაციონალების“ ცოცხლად შეჭმა უნდა. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ დასკვნა ამ სიტუაციიდანაც ვერ გამოიტანა და განაგრძობენ, ჯიუტად, იმ უგნური დაპირისპირების პოლიტიკას. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი, ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ისევ კუნთების თამაშს აგრძელებს. ყველამ უნდა ამოვისუნთქოთ, დამშვიდდეთ და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. არ ვიცი, შეთანხმების საგანი რა იქნება, მაგრამ ამის ნაცვლად ნიშნავენ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე კონფრონტაციული და მოძულე ოპოზიციის. ვხედავთ იმას, რომ კუნთების თამაში, ესკალაცია გაგრძელდება. გაგრძელდება ის, რომ ორივე მხარე ცდილობს ცეცხლზე ნავთი დაასხას და ამ დროს ღატაკი და გასაცოდავებული ქვეყანა იქნება გვერდზე მიგდებული. ყველანი ვაქცინაციაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, რა ელოდება ტურიზმის სფეროს, ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ და ღარიბაშვილის პირველი განცხადება ხომ წარმოგიდგენიათ, ისინი უნდა დაამთავრონ, ესენი ხეზე ჩამოკიდონ. იქიდან სააკაშვილი ლამის ტელევიზორში გამოძვრეს, უკვე ხელები ეფხანება, უკვე გეგმები აქვს აწყობილი თავისი რევანშის და აქეთ არის ღარიბაშვილი. ქვეყანას კატასტროფისკენ მივაქანებთ. ქვეყანას უნდა დამშვიდება და მოლაპარაკება. ეს ოხერი მეხუთე რაუნდი აქამდე რომ გამართულიყო, სჭირდებოდა ქვეყანას და არა აქედან და იქიდან მუშტების ბრახუნი. მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას. ვინც ყველაზე რადიკალური და კონფრონტაციული იყო „ოცნებაში“, ის დააბრუნეს პრემიერად. ის მაინტერესებს, ქვეყანას რა ელოდება წინ. მართლა ყველამ შევავსოთ და გერმანიაში სამუშაოდ მთელი საქართველო უნდა წავიდეთ, თუ ქვეყანას რამე ეღირსება. ეს არის მთავარი დარდი, თორემ, არც სააკაშვილისა და არც „ოცნების“ ბედი არ მადარდებს. არ ჩანს, რომ რომელიმე მხრიდან ვინმე ქვეყანაზე ფიქრობდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.