ალეკო ელისაშვილი - ცოტა ღიმილისმომგვრელი იქნება, გირაოს თანხა რომ არ გინდა გადაიხადო და ვიღაც სხვა გიხდის დაჟინებით
ალეკო ელისაშვილი - ცოტა ღიმილისმომგვრელი იქნება, გირაოს თანხა რომ არ გინდა გადაიხადო და ვიღაც სხვა გიხდის დაჟინებით

კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანასწორი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხარ, არ ხარ, უნდა იყო თანასწორი, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ცოტა გაუგებარია, რომ იცით რა, თანხას არ გადავიხდი. არ მგონია, რომ მელიას მხარდამჭერებისთვის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის უმჯობესი იყოს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხის არგადახდის გამო იჯდეს ციხეში, ვიდრე იყოს გარეთ. ვინ რის გადახდას აპირებს, სიმართლე გითხრათ ეგ არ ვიცი, ნიკა მელიასგან მოვისმინე. ცოტა ღიმილისმომგვრელი იქნება, გირაოს თანხა რომ არ გინდა გადაიხადო და ვიღაც სხვა გიხდის დაჟინებით.

თვითონ ბრალი არის აბსურდული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, მაგრამ აქ ხომ ამაზე არ არის საუბარი, ბრალის გამო პირდაპირ ჩასმაზე. გირაოს არგადახდის გამო მზად ვარ ციხეში წავიდე – ცოტა რაღაცნაირად უცნაურად ჟღერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, გირაოს გადასახდელად აუცილებელია სპეციალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში. ნიკა მელიას განმარტებით, პროკურატურას უნიკალური კოდის მიღების მოთხოვნით არ მიმართა და შესაბამისად, აღნიშნული კოდი არც მას და არც ადვოკატს არ აქვს, ამიტომ სურვილის შემთხვევაშიც, თანხის გადახდას ვერ შეძლებს.

ამავდროულად, ნიკა მელიას თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც „თითქოს მის სასარგებლოდ შეიტანს თანხას, იქნება მისი მტერი, არაკეთილმოსურნე, მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო კავშირში“.

გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა. ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ეწურება.