ალეკო ელისაშვილი - ჩვენი თავსატეხი ახლა არის, რომ დავდივართ და ვარკვევთ, ვისი წინადადებაა თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა
არ ვიცით, ჩვენი თავსატეხი ახლა ეს არის, რომ დავდივართ და ვარკვევთ, ვისი წინადადებაა, ელჩების, „ქართული ოცნების“ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის, რადგან ჩვენ ეს წინადადება ძალიან მოგვწონს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ელისაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ ვის ეკუთვნის ინიციატივა, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ეხება“.
ამასთან, როგორც ელისაშვილი ამბობს, დასახელებული ინიციატივა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად რეალური გზაა.
„კონკრეტულად საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს გადამწყვეტი რიგგარეშე არჩევნების საკითხისა, ანუ თუ „ქართული ოცნება“ მიიღებს 48 პროცენტზე ნაკლებს, მაშინ უნდა დაინიშნოს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნები, საპარლამენტო, ეს არის ძალიან კარგი ფორმულა. პრინციპში, პლებისციტი არის, ოღონდ არ ჰქვია პირდაპირ პლებისციტი, თუ ეს „ქართული ოცნების“ წინადადებაა და „ქართული ოცნება“ ამაზე მოდის, მაშინ ძალიან კარგად ყოფილა საქმე, რადგან ვერ წარმომიდგენია, ამის საწინააღმდეგო რომელიმე ოპოზიციურ პარტიას რა უნდა ჰქონდეს.
მაგრამ ეს ვერ გავიგეთ ახლა, ვისი აზრია, ტყუილად ვიმტვრევთ თავებს, რომელიმე ოპოზიციური პარტიის აზრია, თუ „ოცნების“ ან ელჩების, ჯერჯერობით ვერ გავარკვიე. ნეტა, ჩვენი წინადადება ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვჯუჯღუნებთ მე და ლევანი, აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრეთო, რადგან ეს არის რეალური გამოსავალი, რეალური გზა კრიზისის განმუხტვის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.