ალეკო ელისაშვილი - ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ახლა ადეკვატური იქნება, უარი თქვას პირდაპირ ფრენებზე და საპასუხოდ რუსეთს სავიზო რეჟიმი დაუწესოს
ალეკო ელისაშვილი - ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ახლა ადეკვატური იქნება, უარი თქვას პირდაპირ ფრენებზე და საპასუხოდ რუსეთს სავიზო რეჟიმი დაუწესოს

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლის მცდელობაა.

ელისაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ახლა სწორი იქნება, პირდაპირ ფრენებზე უარი თქვას და საპასუხოდ რუსეთს სავიზო რეჟიმი დაუწესოს.

„როგორც ჩანს, რუსები ძალიან შეშფოთდნენ, რომ შეიძლება, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ ოქტომბერში და უნდათ, ნებისმიერი გზით ამას ხელი შეუშალონ. თუ არა ეს, უბრალოდ ვერ ვხსნი, ასეთი გადაწყვეტილება რატომ არ მიიღეს ამ ხნის განმავლობაში. ისევ საკუთარ მოქალაქეებს აწვალებდნენ, თორემ რა ვიცი, არ მეგულება ნორმალური, დალაგებული ქართველი, მოსკოვის, ტამბოვის, სარატოვის და რაღაც ჯანდაბის ნახვა რომ უნდოდეს. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, არის რუსეთის მხრიდან ხელის შეშლის მცდელობა, არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ახლა აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა, რომ ფრენებზე უარი თქვას და საპასუხოდ რუსეთს სავიზო რეჟიმი დაუწესოს. ეს იქნებოდა ძალიან ადეკვატური და ვნახოთ, რას იზამს „ქართული ოცნება“. ამის დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ამ ვითარებაში ადეკვატური პასუხი ეს იქნებოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილის აზრით, გადაწყვეტილების ჰუმანიტარულ ჭრილში განხილვა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საუბარი იქნებოდა სხვა ქვეყანაზე და არა რუსეთზე, რომელიც მსოფლიოში პირველი აგრესორია.

„რუსეთზე რომ არ იყოს ლაპარაკი, კი ბატონო, ვიტყოდით, რომ ჰუმანიტარულია, მაგრამ ვსაუბრობთ მსოფლიოში პირველ აგრესორ ქვეყანაზე, რომელიც ყველას ესხმის თავს და გარშემო ყველას მიწას ართმევს, რა ჰუმანიტარულ აზრებს ვლაპარაკობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური და სწორი იქნება, რომ უარი თქვას პირდაპირ ფრენებზე და რუსებს დაუწესოს ვიზები. საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც სწორია, ჩვენი სახელმწიფოებრივი ღირსებისთვისაც და იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა არ შეფერხდეს“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.