ალეკო ელისაშვილი - ჩემთვის გამაოგნებელია, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი ოლივერ ვარჰეის აკრიტიკებს, როგორც ჩანს, ვიღაცას არ უნდა, რომ ევროკავშირში მიგვიღონ
ალეკო ელისაშვილი - ჩემთვის გამაოგნებელია, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი ოლივერ ვარჰეის აკრიტიკებს, როგორც ჩანს, ვიღაცას არ უნდა, რომ ევროკავშირში მიგვიღონ

ჩემთვის გამაოგნებელია, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი ოლივერ ვარჰეის აკრიტიკებს, როგორც ჩანს, ვიღაცას არ უნდა, რომ ევროკავშირში მიგვიღონ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, მისთვის ზოგადად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ანტიდასავლური რიტორიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისგან.

„როგორც აღმაშფოთებელია „ქართული ოცნების“ დეპუტატების ანტიდასავლური განცხადებები ევროპარლამენტარებზე, ისევე აღმაშფოთებელია ოპოზიციისგან გაკეთებული მსგავსი განცხადებები. თან ვისზე?! ოლივერ ვარჰეი არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. ანუ ჩვენ მივიღებთ თუ არა სტატუსს, ეს დიდწილად დამოკიდებულია ამ ადამიანის ძალისხმევაზე. ამდენად, ჩემთვის გამაოგნებელია ზოგიერთი ოპოზიციონერი რომ დგას და ოლივერ ვარჰეის აკრიტიკებს. თან ძალიან პოზიტიურ რაღაცებს ამბობს. ეს ადამიანი გვეუბნება, რომ წკიპზე ვართ და მზად არიან, ამაში დაგვეხმარონ. ამ დროს ვეუბნებით, როგორ კადრულობს ასეთ რაღაცას? როგორც ჩანს, ვიღაცას არ უნდა, რომ ევროკავშირში მიგვიღონ. დავიმახსოვროთ, ევროკავშირის სტატუსს არ მიიღებს ან დაკარგავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მას მიიღებს ან დაკარგავს ხალხი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა: „ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ძალიან ძლიერი მანდატია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს“.