ალეკო ელისაშვილი - ჩემთვის დავით კეზერაშვილი მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი, მან გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით დაგრიალებს ევროპაში
ჩემთვის დავით კეზერაშვილი მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი, ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით დაგრიალებს ევროპაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებაზე, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.
ალეკო ელისაშვილის თქმით, არ იცის, ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებში რა როლს თამაშობს კეზერაშვილი, მაგრამ მისი განცხადებით, აფინანსებს მედიას და შესაძლოა, გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებსაც.
„ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი. ადამიანი, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, ომის დროს თავდაცვის მინისტრი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით ცხოვრობს და დაგრიალებს ევროპაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.