ალეკო ელისაშვილი - ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძე და თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, ვამბობდით, ნუ ცანცარებთ-თქო
ვაცხადებდით, ვინც მანდატებზე უარს ამბობდა და სიებს ხსნიდა, უხერხულში ჩავარდებოდა, ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძე და თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ პარლამენტში შემოსვლაზე დასტური თქვეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მანდატის გაუქმების თაობაზე ხელმოწერების გაკეთება და პარალელურად, მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა ურთიერთგამომრიცხავი იყო.
„თავიდანვე ვთქვით, რომ პიონერთა სასახლის ეზოში მანდატის გაუქმების თაობაზე ხელმოწერების გაკეთება, ცესკო-სთვის მიმართვა სიების ჩაშლაზე, საკონსტიტუციოსთვის მიმართვა, რომ უარს ამბობენ მანდატებზე და პარალელურად, მოლაპარაკებების პროცესში ყოფნა ურთიერთგამომრიცხავი იყო და ეს ჩვენ არ გვესმოდა. ამას რომ ვამბობდით, სიძულვილს და ზიზღს ვიღებდით. ვამბობდით, რომ თუ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით, თეორიულად შესაძლებლობა არსებობს, რომ ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში შემოხვიდეთ-თქო. ზუსტად ასე ხომ მოხდა? ვამბობდით, ვინც მანდატებზე უარს ამბობდა და სიებს ხსნიდა, უხერხულში ჩავარდებოდა. ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძე, თამარ კორძაია უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ პარლამენტში შემოსვლაზე დასტური თქვეს, ელენე ხოშტარიას არ უთქვამს. როგორი წინააღმდეგობრივი ვითარებაა – ერთი მხრივ, შეთანხმებას ხელი მოაწერეს და მზად არიან, იმუშაონ როგორც დეპუტატებმა და მეორეს მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს, რომ მანდატი შეუჩერდეთ. ძალიან უცნაური სიტუაცუაა. ჩვენ ვამბობდით, ნუ ცანცარებთ-თქო და ეს არის ცანცარის შედეგი“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყო.
დეპუტატები პარლამენტის 2 თებერვლის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლის მიხედვით, მათ მიმართვის მიუხედავად, დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუჩერდათ.