ალეკო ელისაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ისეთი ცვლილებებია განხორციელებული, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ვერავინ მოახერხებს
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს არ იცნობს და სწორედ ამიტომ ვერ უჭერს მხარს.
როგორც ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სურს, კანდიდატებს ენდობოდეს, მაგრამ არ იცის, ვინ არიან ისინი.
„შესაბამისად, იმ ხალხს მხარი როგორ უნდა დავუჭირო, ვისზეც წარმოდგენა არ მაქვს? ვისაც ვიცნობ, თამარ სართანიასა და ლელა ტალიურს ცესკო-ს წევრებად მხარი დავუჭირეთ. ჩანს, რომ ცესკო-ს დროებითი თავმჯდომარე ეყოლება, მაგრამ ამ მედალს ორი მხარი აქვს – ცუდია, რომ „ქართული ოცნება“ ხელის გადაგრეხვით მიდის, მაგრამ კარგია, რომ ვინც არ უნდა იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე, ცვლილებები ისეა გატარებული, რომ ვერავინ მოახერხებს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ უყარეს კენჭი, თუმცა კანდიდატებმა საჭირო მხარდაჭერა ვერც ამჯერად მიიღეს. საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, დღევანდელ კენჭისყრაზე უკვე 90 ხმით იყო შესაძლებელი კანდიდატის არჩევა. ვინაიდან საკმარისი ხმების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა, საბოლოოდ, კანდიდატი სიითი უმრავლესობით დაინიშნება, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით.