ალეკო ელისაშვილი - არაფრით არ შეიძლება დიპლომატების თვალთვალი, ეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია
ელჩის დაბარება რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ევროკავშირში პროტესტი, კითხვები გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ მეგობარი ქვეყანა ასე არ უნდა იქცეოდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, დიპლომატების თვალთვალი ქვეყნისთვის, ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია.
„მეგობარი და ევროკავშირის წევრობის მოსურნე ქვეყნის სპეცსამსახურები ასე აღვირახსნილად არ უნდა იქცეოდნენ, არც საკუთარ მოქალაქეებს უნდა ექცეოდნენ ასე და მით უფრო არაფრით არ შეიძლება დიპლომატების თვალთვალი. პირდაპირ კონვენციების დარღვევაა. რა თქმა უნდა, ეს ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელია.
კარგი ამბისთვის და ღვინის დასალევად რა თქმა უნდა, არ დაუბარებიათ ჩვენი ელჩი. არ მინდა, ყვავივით დავჩხაოდე საკუთარ ქვეყანას, არ მინდა საქმე ელჩის დაბარების იქით წავიდეს და კიდევ დავზიანდეთ, რადგან დაზიანდება ჩვენი ევროპული არჩევანი, პერსპექტივა და თითოეული ჩვენგანი დავზიანდებით. დაგვრჩება ერთი გახარებული რუსეთი და ის სუს-ი, რომელიც ასეთ საზიზღრობებს აკეთებს. თუმცა აქ კითხვა ისევ ბევრი რჩება, ავთენტურია, არაავთენტურია, ეს ინფორმაცია საიდან გამოვიდა, რა, როგორ, რანაირად, ამაზე გვინდოდა ზუსტად გვესაუბრა და სუს-ის ხელმძღვანელი დაგვებარებინა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილმა ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ლელოს“ ინიციატივაზე მხარის არდაჭერით გამაოგნებელი ქმედება ჩაიდინა.
„უკვე მერამდენედ „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ საკითხებს „აგდებს“. ერთხელ ჩააგდო საკითხი, როდესაც 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისია უნდა შეგვექმნა, არ მოვიდნენ და მხარი არ დაუჭირეს ამ საკითხს. ახლა გამაოგნებელი რამ ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელი არ მოგვიწერა. ეს „ლელოს“ ინიციატივა იყო, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დიდი სიამოვნებით შევუერთდით. „ნაციონალური მოძრაობა“ ან შეკრულია „ქართულ ოცნებასთან“ და ფულს იღებენ ან იმდენად გაუფუჭდათ კომპასი, რომ აქეთ-იქით ეხეთქებიან და ძალიან გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ. სახტად დავრჩი, რამდენჯერმე წავიკითხე და რამდენჯერმე მოვისმინე მელიას განცხადება, იმდენად არ მჯეროდა, მას ხელი როგორ არ უნდა მოაწერო. მით უმეტეს, როცა დღე და ღამე შენს ტელევიზიაში ზიხარ და თავზე ნაცარს იყრი, ვაიმე, ყველას გვისმენენ და ქვეყანა დაიქცაოო, ამ დროს უარს ამბობ პარლამენტში ის დაიბაროთ, ვისაც კითხვები უნდა დავუსვათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები დაინტერესებულნი არიან პოტენციური საფრთხეების აღმოჩენით და აქვთ მიზეზები ფარული მიყურადების გამოსაყენებლად, თუმცა ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენება სიფრთხილით, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს.
საკითხის ირგვლივ საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საქართველოს ელჩი ბრიუსელში, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს, სადაც მას ევროგაერთიანების პოზიცია აცნობეს და შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის შესახებ განუცხადეს