ალეკო ელისაშვილი - არ შევდივარ პარლამენტში და ვინც ამას მაბრალებს, არის ტუტუცი, სათითაოდ გავცემ ყველას პასუხს
არანაირად არ შევდივარ პარლამენტში და ვინც მე ამას მაბრალებს, არის უბრალოდ ტუტუცი, სათითაოდ გავცემ ყველას პასუხს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ელჩების თხოვნიდან გამომდინარე, მოლაპარაკების დეტალებზე ვერ საუბრობს.
„ძალიან ცხარე კამათი იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, რაღაცაზე ვერა. ლამის ვეხვეწე ელჩებს, რომ მომცენ უფლება, ვილაპარაკო დეტალებზე, რათა ხალხმა გაიგოს, რაზე ვლაპარაკობ. ერთი სული მაქვს, ხალხს მოვუყვე, რაზე მიდის ლაპარაკი, რაზე ვარ მე პირადად თანახმა, რაზე არა. „ქართული ოცნება“ რას ითხოვს და იხვეწება, არ მაინტერსებს. ელჩებმა დაჟინებით გვთხოვეს, ლამის გვეხვეწნენ, რომ გთხოვთ, არ მოყვეთ დეტალებიო. შესაბამისად, ისევ უნდა ვიწვალო, თუმცა დათქმაა, რომ ძალიან მალე უნდა შევხვდეთ და გაგრძელდეს ეს ყველაფერი. უსინდისო ვიყო, ერთი სული მაქვს, დეტალებზე ვილაპარაკო და ყველას გავცე შესაბამისად პასუხი, აქ რაზე ვლაპარაკობ, რისთვის ვარ მზად. არანაირად არ შევდივარ პარლამენტში და ვინც ამას მაბრალებს, რომ მე შევედი პარლამენტში, არის უბრალოდ ტუტუცი და სათითაოდ გავცემ ყველას პასუხს. თავის თავს მოკითხონ და მაგათ მოვკითხავ, არ ვიცი, რატომ გავრცელდა“, – აღნიშნა ელისაშვილმა.