ალეკო ელისაშვილი - ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე მხარს არ დავუჭერთ, რადგან ეს არ არის შეთანხმებული ვარიანტი
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, ის და ლევან იოსელიანი პირველი მოსმენით მხარს უჭერენ როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის მიერ წარდგენილ ამნისტიის კანონპროექტს, თუმცა იმ პირობით, რომ შემდეგ მხარეები ერთ შეჯერებულ დოკუმენტზე შეთანხმდებიან.
შესაბამისად, როგორც დეპუტატმა განაცხადა, მეორე მოსმენაზე „ქართული ოცნების“ წარდგენილ ამნისტიის კანონპროექტს მხარს აღარ დაუჭერს, რადგან ეს არ არის შეთანხმებული ვარიანტი.
„სიტყვა გვაქვს ნათქვამი, რომ როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის პირველ ვარიანტს დავუჭერდით მხარს, ოღონდ იმ პირობით, რომ შემდეგ შეჯერებული დოკუმენტი გამოვიდოდა. „ქართული ოცნების“ ვარიანტს დავუჭირეთ მხარი, ახლა ოპოზიციისას დავუჭერთ, მაგრამ მეორედ რომ გამოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ იმას აღარ დავუჭირეთ და არც დავუჭერთ. დღეში მილიონჯერ რომ ვახსენებთ შარლ მიშელს, მისი თანდასწრებით შევთანხმდით, რომ შევთანხმდებოდით ამნისტიაზე, მაგრამ ფაქტია, ვერ ვთანხმდებით. „ქართული ოცნების“ ვარიანტი არის „ქართული ოცნების“ ვარიანტი და არა -შეთანხმებული. შესაბამისად, ამას მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.