ალეკო ელისაშვილი - ამნისტიაზე აჟიოტაჟი ძალიან გაბერილია, ერთი სიოა, რომელიც უნდათ, გრიგალად წარმოაჩინონ, რაც არ გამოვა
ამნისტიაზე აჟიოტაჟი ძალიან გაბერილია. ერთი სიოა, რომელიც უნდათ, გრიგალად წარმოაჩინონ, რაც არ გამოვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ალტერნატიულ კანონპროექტზე საუბრისას, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი წინაპირობების წამოყენება გაუგებარია.
„ვინმეს თუ უნდა, რომ ახალ-ახალი წინაპირობები წამოაყენოს და ამნისტია ჩააგდოს, ე.ი. მას უნდა შარლ მიშელის შეთანხმების ჩაშლა, გადახაზვა და მასზე უარის თქმა. ახლა წინაპირობების წამოყენება ცოტა გაუგებარია. ამ კანონპროექტებს შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. ამნისტია ორივე მხარეს უნდა შეეხოს და არ გავრცელდეს იმ ხალხზე, ვინც ადამიანებს შეგნებულად ასახიჩრებდა. არ გავრცელდეს მაკო გომურის დამსახიჩრებელზე და სხვებზე. ამნისტიაში სხვა რა უნდა ეწეროს – ქვეყანა როგორ გაბრწყინდეს და ეკონომიკურად განვითარდეს? რასაც ვხედავ, არის შარის მოდების და შეთანხმებიდან გამოსვლის მცდელობა. ამნისტია საიდან დაიწყო? ვინაიდან, მელია გირაოს არ იხდიდა, სხვა გზა რა იყო, რომ ციხიდან გამოსულიყო. ეს ყველაფერი ამას ემსახურება. მიმაჩნია, რომ ამნისტიაზე აჟიოტაჟი ძალიან გაბერილია. ერთი სიოა, რომელიც უნდათ, გრიგალად და ქარიშხლად წარმოაჩინონ, რაც არ გამოვა“, – განაცხადა ელისაშვილმა.