ალეკო ელისაშვილი - აგვისტოს ომის დროს ჯარის მართვა, ისევე როგორც ქვეყნის მართვა, კატასტროფული იყო, დღემდე არ გვაქვს პასუხი, რატომ დავტოვეთ კოდორის ხეობა
ალეკო ელისაშვილი - აგვისტოს ომის დროს ჯარის მართვა, ისევე როგორც ქვეყნის მართვა, კატასტროფული იყო, დღემდე არ გვაქვს პასუხი, რატომ დავტოვეთ კოდორის ხეობა

აგვისტოს ომის დროს, ფაქტია, რომ მაშინ ჯარის მართვა, ისევე როგორც ქვეყნის მართვა, აბსოლუტურად კატასტროფული იყო. სამხედრო გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იყვნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც გაგებაში არ იყვნენ, დღემდე არ გვაქვს პასუხი, რატომ დავტოვეთ კოდორის ხეობა და გამოვედით და რატომ გამოვიყვანეთ დაახლოებით ოთხი ათასამდე კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ქურასბედიანის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „კოდორის შესანარჩუნებლად ძალები საკმარისი იყო, მაგრამ მართვა, კონტროლი ბოლო დღეებში მოიშალა, არის მეორე მომენტიც, შეიძლება, დამდგარიყო ულტიმატუმი, დათმეთ ან თბილისისკენ გავაგრძელებთ სვლას“.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ქურასბედიანს პირადად იცნობს და ის ძალიან კვალიფიციური ადამიანია.

„ირაკლი ქურასბედიანი ძალიან კვალიფიციური ადამიანია, მას პირადად ვიცნობ. რამდენადაც მახსოვს, აგვისტოს ომის დროს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი და ის ძალიან ინფორმირებულია. მაშინ რიგითი რეზერვისტი, მოხალისე ვიყავი და ამ პატარა გადასახედიდან შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ჯარის მართვა, ისევე როგორც ქვეყნის მართვა, აბსოლუტურად კატასტროფული იყო. სამხედრო გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იყვნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც გაგებაში არ იყვნენ. ამდენი წელი გავიდა, ეს ყველაფერი ხელისგულზეა. ფაქტია, რომ ქვეყნისთვის მძიმე შედეგები იყო. მაგალითად, დღემდე არ გვაქვს პასუხი, რატომ დავტოვეთ კოდორის ხეობა და გამოვედით და რატომ გამოვიყვანეთ დაახლოებით ოთხი ათასამდე კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლი? ასევე, არ ვიცით კითხვაზე პასუხი, რატომ მოვაშიშვლეთ დასავლეთის ფრონტი და სენაკის ბრიგადა რატომ შევიყვანეთ ცხინვალში, როცა იქ ტანკებისა და მანქანების საცობები წარმოიშვა და რუსები ამის გამო აფხაზეთიდან ისე შემოვიდნენ, რომ ტყვია არ გაუსვრიათ და ტერიტორია დაუბრკოლებლად დაიკავეს? რატომ არ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება და ევაკუაცია, როცა ხელისუფლება მიხვდა, რომ სამხედრო თვალსაზრისით მძიმედ ჰქონდა ვითარება და ა.შ. რატომ წაგვიყვანეს რეზერვისტები ნახირივით და რატომ დაგვყარეს ბედის ანაბარა ისე, რომ კაცი პატრონი არ იყო და 50 ათასი ავტომატიანი კაცი დავყიალობდით აღმა-დაღმა? ეს კითხვები არის და კარგი იქნებოდა, ამაზე პასუხები აქამდე გვქონოდა. წინა ხელისუფლებამ დააშავა, მაგრამ ამჟამინდელმა ბედოვლათმა ხელისუფლებამ არ მოინდომა, რომ პასუხები ყოფილიყო“, – განაცხადა ელისაშვილმა.