ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში ან საერთოდ ვინმეს მართლმსაჯულების რეფორმაზე ელაპარაკება, ეს არის ცინიზმის მწვერვალი, მეორე მხრივ კი, ფარისევლობაა, როდესაც „ქართული ოცნება“ იძახის, რატომ შეხვდითო, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ისინი რა, დაჟინებული მზერით მიხვდებოდნენ, ადეიშვილი რომ ძებნილია, თუ რა? ადამიანი ძებნილი თუ არის, ის უნდა იძებნებოდეს ძებნის გამომცხადებელი ქვეყნის პროკურატურის მოთხოვნით ინტერპოლის მეშვეობით. მით უმეტეს, ადეიშვილისნაირი ადამიანი, რომელმაც წამებაში ამოხადა სული ნახევარ ქვეყანას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა იჯდეს ქართულ საპატიმროში და სასჯელს იხდიდეს, მაგრამ ის 2015 წლის შემდეგ აღარ იძებნება წითელი ცირკულარით. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ რომ ახლა თავს იკატუნებს, ეს არის ფარისევლობა. იქითა სასესიო კვირაში მე ამ საკითხს აუცილებლად დავსვამ, საჯაროდაც ვიტყვი ამ ამბავს და გამოვითხოვ კიდეც“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, ფარისევლობაა ისიც, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკისთვის იყენებს.
„ვიქტორ ორბანი ხომ არის ამათი ძმაკაცი? სინამდვილეში, ორბანი არც ამათი ძმაკაცია და არც სააკაშვილის არ იყო, ერთ და მეორე შემთხვევაშიც თავს იკატუნებდა, რადგან დიდი მოხერხებული კაცია, გაიძვერებს რომ ეძახიან, ისეთი. ზურაბ ადეიშვილი ვიქტორ ორბანმა შეიფარა თავიდან და პოლიტიკური თავშესაფარი მისცა უნგრეთმა. ჰკითხონ ახლა თავიანთ მეგობარ ორბანს „ქართული ოცნების“ წევრებმა, რატომ მოხდა ეს ამბავი? როგორც ჩანს, ორბანის თხოვნით ან მისი ხათრით შემდეგ აიღეს და წითელი ცირკულარიდან ამოიღეს ადეიშვილი, „ქართულ ოცნებაში“ კი ახლა შეიცხადეს, ვითომ არ იცოდნენ და ვაი-ვაიო, იძახიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა აღნიშნა, სინამდვილეში, კეზერაშვილსა და ადეიშვილთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ რაღაც გარიგებები ჰქონდა.
„ცნობილი ფაქტია, რომ 2012 წლის პარლამენტში ბოკერიამ გამოყო 22 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რაც კეზერაშვილის მეშვეობით ხდებოდა. ეს ამბავი ყველამ იცის. სანაცვლოდ, კეზერაშვილს „ქართულმა ოცნებამ“ უთხრა, რომ ისინი არ მოძებნიდნენ და დაჟინებით არ მოითხოვდნენ მის ექსტრადირებას. თქვენ გახსოვთ, ორი დღით რომ დააკავეს კეზერაშვილი, ჩვენმა პროკურატურამ მტკიცებულებები არ წარუდგინა საფრანგეთს და, შესაბამისად, ის გაუშვეს. ასევე, მას მისცეს საქართველოდან ბიზნესების გატანის საშუალება. რა ფულიც აქ წაართვა ბიზნესმენებს და გაატყავა, იმ ფულის გატანის შესაძლებლობა მისცეს. მერე, როგორც ჩანს, რაღაც შავმა კატამ გადაირბინა კეზერაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, მაგრამ ფაქტია, გარიგებები იყო და ახლა ნუ იკატუნებს თავს „ქართული ოცნება“, ნუ ფარისევლობს და ნუ იყენებს ამ თემას ანტიდასავლური რიტორიკისთვის. ევროპელები არაფერ შუაში არ არიან. დაჟინებული მზერით ვერ მიხვდები, ვინ არის ძებნილი და ვინ – არა. ამ ძებნილობას თავისი პროცედურები აქვს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალურია დღეს ადეიშვილისა და სხვა ძებილი მაღალჩინოსნების დაკავება-ექსტრადირება, რასაც „ქართული ოცნება“ ითხოვს და რა უნდა გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს არარეალურია.
„ახლა საარჩევნო წელია, დიდად არც უკრაინელები მოიკლავენ თავს და ადეიშვილიც ალბათ მიხვდება, რომ აღარ უნდა იაროს ასე, რადგან შარში გაეხვევა. მე ვისურვებდი, იაროს, დაიჭირონ და გადმოგვცენ, მაგრამ ახლა ეს რეალურად არ მეჩვენება“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, არახამია უკრაინულ ხელისუფლებაში არის არა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების, არამედ წყლის ამღვრევის ძირითადი ლიდერი.
„სამწუხაროდ, ყოველთვის ასე იყო, რომ წავიდოდნენ ქართველები სადღაც, გადაიხვეწებოდნენ და მერე ყველაზე მეტად ემტერებოდნენ საკუთარ სამშობლოს. ეს ახლაც ასეა და ასეა არახამიაც. არ ვიცი, რატომ გვემტერება. მე არ მომწონს ის. არახამია უკრაინულ ხელისუფლებაში არის არა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების, არამედ წყლის ამღვრევის ძირითადი ლიდერი. მე არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. როგორც ჩანს, სააკაშვილი უყვარს ძალიან და არ უყვარს საქართველო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინასთან დაკავშირებით რაღაცები გააკეთა, მაგრამ ბევრი არაფერი გაუკეთებია.
„ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამხედრო-ტექნიკურ დახმარებასაც გავუწევდი აუცილებლად. იმას არ ვამბობ, რომ ჯარი და ქვედანაყოფები უნდა გაგვეგზავნა; ეს ჯერჯერობით არავის გაუკეთებია. ახლა ვნახოთ, რას იზამენ და როგორ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განსაცდელში მყოფ მეგობარ ქვეყანას ჩვენმა ქვეყანამ აქცია ზურგი, ხალხმა არ აქცია, მაგრამ სახელმწიფომ აქცია ზურგი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა, კეზერაშვილს, აშშ-ის მსგავსად, პრობლემები ევროპაშიც შეექმნას, ალეკო ელისაშვილმა უპასუხა, რომ დარწმუნებულია, კეზერაშვილს ევროპაში დაიჭერენ.
„მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ კეზერაშვილს ევროპაში დაიჭერენ იმის გამო, რასაც ის ჩადის“, – განაცხადა ელისაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რამდენად დაზარალდებიან პარლამენტში მყოფი ე.წ. მცირე პარტიები იმ შემთხვევაში, თუ ერთობა ვერ მიიღწევა, რაზეც ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ ოპოზიციის რაღაც ნაწილმა გაერთიანება შეძლო, ცვლილელები იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცვლილებები ვერ მოხდება.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ასევე თქვა, რომ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ახალი გაერთიანება იგივე „ნაციონალური მოძრაობაა“.
„მე ეს მათი ერთობლივი თამაში მგონია. ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“, ახლა შეიქმნა მეორე „ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომ რაღაცას თამაშობენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.