ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში არ შევალ, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, არც განცხადებას ვწერ, ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
ამასთან, კითხვაზე, დაწერს თუ არა 11 დეკემბერს პარტიული სიის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას, ელისაშვილმა უპასუხა, რომ არაფერს დაწერს.
როგორც აღნიშნა, ის ელოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა შეასრულოს.
„11 დეკემბერს პარლამენტში არ შევდივარ, შანსი არაა. პოლიტპატიმრები არ გამოვლენ და არ შევდივარ. არც განცხადებას ვწერ, არაფერს არ ვწერ. ველოდები, რომ სიტყვა შეასრულონ. ეს პირობა თუ არ შესრულდა, პარლამენტში ფეხს არ შევადგამ არც მე და არც ლევანი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი