ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეები“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეები“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტს „მოქალაქეების“ პარტია მხარს არ დაუჭერს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ საქმიანობა გაუგებრობაა.

„ასეთ ბოდვას მხარს არ დავუჭერთ. „ხალხის ძალის“ მთელი საქმიანობა და ძალისხმევა ერთი დიდი გაუგებრობაა. უნდათ, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ რუსეთიდან გადმოიტანონ. გაიხედეს, გამოიხედეს, 21-ე საუკუნეში სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და რუსეთში რასაც აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციების ან მედიის წინააღმდეგ,ზუსტად იმის გაკეთება უნდათ. რაღაცას იშველიებენ, რომ სხვაგანაც ასეა, თითქოს ამ ქვეყანაში სხვა პრობლემა არ იყოს და ხალხს სხვა დარდი, საფიქრალი არ ჰქონდეს. ეს ძალიან გაუგებარი და აღმაშფოთებელი ძალისხმევაა. რაღაც ხომ უნდა გააკეთონ, მარტო კელი დეგნანის ლანძღვით იყვნენ დაკავებული, კელი დეგნანიც ცოტა ხანში ელჩი აღარ იქნება და რაღაცით თავის არსებობა ხომ უნდა გაამართლონ და ახლა რაღაცებს იგონებენ. პირდაპირ აკოპირებენ რუსულ რაღაცებს, რაც ძალიან მიუღებელია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში აინიცირებს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ხალხის ძალის“ წევრებმა განაცხადეს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი.