ალეკო ელისაშვილი - აბა, შოთაძე არ იყოს პროკურორი და სასამართლო ჰგავდეს სასამართლოს, გინდათ, ქსოვრელებსაც დავუძახებ და ეგრე შევალ პარლამენტში
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ძირეული რეფორმის შემთხვევაში, პარლამენტში თავადაც შევა. ამის შესახებ ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის შემთხვევაში, პარლამენტის შედეგების ლეგიტიმაციის ცნობის თაობაზე „გირჩის“ მოსაზრება მისთვისაც მისაღებია.
„აბა, შოთაძე არ იყოს პროკურორი, ნამდვილი პროკურორი იყოს და სასამართლო ჰგავდეს სასამართლოს. ამის შემდეგ რა, არ უნდა დავთანხმდეთ იქ შესვლას, ასეთ რამეს თუ გამოვგლეჯთ ხელიდან? „გირჩის“ მოსაზრება მისაღებია. თუ თავიდან ბოლომდე განხორციელდება ის, რაზეც ხელი გვაქვს მოწერილი. თუ გინდათ, ქსოვრელებსაც დავუძახებ და ეგრე შევალ“, – განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, ელისაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნებისგან“ საინტერესო და საყურადღებო წინადადებები მოისმინეს, მაგრამ ეს არასაკმარისია.
„რომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, იმიტომ დავდივართ შეხვედრებზე. ჩვენ კი არ გაგვიყალბებია არჩევნები. მე ალეკო ვარ ელისაშვილი, თამარ ჟვანია კი არ ვარ და მე არ ჩამიტარებია ასეთი ამაზრზენი არჩევნები 31 ოქტომბერსაც და მეორე ტური ხომ საერთოდ სასაცილო იყო – სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო ეს, მოვკვდებოდი სიცილით, მაგრამ არაფერი სასაცილო ამაში არაა და ეს ტრაგიკული ამბავია. შესაბამისად, მათი დაშავებულია და კიდევ მივყვებით, ვამბობთ, რომ მოწადინებული ვართ, კრიზისი განიმუხტოს.
ბოლოს ელჩებთან რა კონსულტაციაც იყო, იქ იყო გარკვეული საინტერესო, საყურადღებო შემოთავაზება, მაგრამ არასაკმარისი, რომ ჩვენ პარლამენტში შესვლაზე დასტური გვეთქვა და ახლა ველოდებით განახლებულ ვერსიას, უფრო მეტად გაჯერებულს გონივრული პოზიციით“, – აღნიშნა „მოქალაქეების“ ლიდერმა.
გარდა ამისა, ალეკო ელისაშვილი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების მხრიდან სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნის საკითხსაც გამოეხმაურა და „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მოსაზრებას დაეთანხმა, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაისროლეს“.
„ბოიკოტი არის ბოიკოტი. პრინციპები და ღირსება არის უმნიშვნელოვანესი, თორემ ჩვენ რომ ფული გვჭირდება, ეგეთი უნდა. ნებისმიერს წავიყვან, მიცკევიჩზე გვაქვს ოფისი და ერთი ფეხმოტეხილი პლიტა გვიდევს და რიგრიგობით გვაქვს მორიგეობა, მაგრამ სამაგიეროდ ამაყები ვართ და ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და თუ ვთქვით, რომ ბოიკოტი გვაქვს, მერე არ წავსულვართ და ზურგს უკან ხალხის ფული არ მოგვითხოვია.
დაფინანსების მოთხოვნით არაპირდაპირ აღიარეს არჩევნების შედეგები, რადგან ის ფული გეკუთვნის მიღებული ხმების ფორმულის მიხედვით – რამდენ ხმასაც იღებ, ის მრავლდება 15 ლარზე. თუ ფულს იღებ, ე.ი. აღიარებ იმ შედეგებს. ჩვენ ასე გვესმის და იმიტომ არ მოვკიდეთ იმ ფულს ხელი. აღმოჩნდა, რომ ჩვენ და „გირჩმა“ ჩვენს პოზიციას არ ვუღალატეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.