ალეკო ელისაშვილი - 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ შარლ მიშელსა და ევროკავშირს, გული მისკდება, რას იტყვიან
ფერი ფერსო და მადლო ღმერთსო, ასეა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე, შინაარსით ზუსტად ერთნაირები არიან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, აღელვებული ელოდება, რა განცხადებას გაავრცელებენ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით ევროკავშირი და თავად შარლ მიშელი.
„თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იხედება. „ნაციონალური მოძრაობა“ უპასუხისმგებლოდ იქცეოდა მთელი ამ თვეების განმავლობაში და დოკუმენტს ხელს არ აწერდა. მათი მხრიდან ეს იყო გამაოგნებელი უპასუხისმგებლობა. გვეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ, მაგრამ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, საქართველოს კი, თავი მოჭრა. „ქართულის ოცნების“ საქციელი არის სილის გაწნა ევროკავშირისთვის, შარლ მიშელისთვის, დასავლეთისთვის, რომელთაც უზარმაზარი ძალისხმევა გასწიეს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მკაცრი განცხადებები ვნახეთ, თუმცა, განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ შარლ მიშელსა და ევროკავშირს, გული მისკდება, რას იტყვიან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.
ამასთან, კობახიძის თქმით, მზად არიან, რიგგარეშე არჩევნები არა 43 პროცენტის, არამედ ხმების 53 პროცენტის მიღების შემთხვევაშიც დანიშნონ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოიკითხავენ, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.