ალჟირში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ხუთი მილიარდერი დააკავეს
ალჟირში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ხუთი მილიარდერი დააკავეს. ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დაკავებულთა ნაწილს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა გადამდგარ პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკასთან.
მილიარდერების დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, საბიუჯეტო სახსრების სავარაუდო არამიზნობრივი გამოყენების საქმეზე სასამართლოში დაიბარეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ ოუიაჰია და მოქმედი ფინანსთა მინისტრი მუჰამედ ლუკალი.
ალჟირში უკვე რამდენიმე კვირაა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. თავდაპირველად აქციის მონაწილეები 82 წლის აბდელაზიზ ბუტეფლიკას მიერ პრეზიდენტის პოსტის მეხუთე ვადით დასაკავებლად არჩევნებზე კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებდნენ.
2 აპრილს ბუტეფლიკამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. დროებითმა პრეზიდენტმა, აბდელქადერ ბენსალეჰმა საპრეზიდენტო არჩევნები 4 ივლისს დანიშნა.
აბდელაზიზ ბუტეფლიკა ალჟირის პრეზიდენტის თანამდებობას 1999 წლიდან იკავებს. 2013 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ, ის საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა.