მედიის ცნობით, ისრაელმა დასავლეთ საჰარის სადავო რეგიონზე მაროკოს სუვერენიტეტის გავრცელება აღიარა და ქალაქ დახლაში საკონსულოს გახსნის საკითხსაც განიხილავს
ისრაელმა დასავლეთ საჰარის სადავო რეგიონზე მაროკოს სუვერენიტეტის გავრცელება აღიარა და სადავო ქალაქ დახლაში საკონსულოს გახსნის საკითხსაც განიხილავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ისრაელსა და მაროკოს შორის დიპლომატიური კავშირები 2020 წლის მიწურულიდან დამყარდა. დასავლეთ საჰარის რეგიონზე პრეტენზია ალჟირის მიერ მხარდაჭერილ მოძრაობას, პოლისარიოს ფრონტსაც გააჩნია. რეგიონი მაროკოს სამხრეთით მდებარეობს და მავრიტანიასა და ალჟირს ესაზღვრება.
1975 წელს, ესპანური კოლონიზაციის დასრულების შემდეგ, დასავლეთ საჰარის რეგიონის ანექსია მაროკომ განახორციელა, რამაც პოლისარიოს ფრონტთან 15-წლიანი კონფლიქტი გამოიწვია. დაპირისპირება, გაერო-ს შუამავლობით, 1991 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. თუმცა 2020 წელს პოლისარიოს ფრონტმა კონფლიქტი განაახლა და მთელი დასავლეთ საჰარა „საომარ ზონად“ გამოაცხადა.
ერთი წლის შემდეგ ალჟირმა, რომელიც მხარს უჭერს პოლისარიოს ფრონტს, დაძაბულობის ფონზე, დასავლელ მეზობელ მაროკოსთან დიპლომატიური კავშირები გაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე დასავლეთ საჰარაზე მაროკოს სუვერენიტეტის გავრცელება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც აღიარა.