ალჟირის პრეზიდენტი, მეხუთე ვადით არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დაჰპირდა
ალჟირის მოქმედი პრეზიდენტი, მეხუთე ვადით არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას დაჰპირდა.
აბდელაზიზ ბუტეფლიკას განცხადებით, თუ აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობა მას მხარს დაუჭერს, ვადამდელ არჩევნებს ერთი წლის შემდეგ დანიშნავს.
3 მარტს ალჟირის საკონსტიტუციო საბჭოში პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის მოქმედი პრეზიდენტის დოკუმენტები შეიტანეს. მოგვიანებით ალჟირის საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატმა დოკუმენტები თავად უნდა წარადგინოს. ბუტეფლიკას შემთხვევაში პროცედურა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან 82 წლის პრეზიდენტი შვეიცარიის კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოათავსეს.
აბდელაზიზ ბუტეფლიკას მეხუთე ვადით პრეზიდენტობის წინააღმდეგ ალჟირში საპროტესტო აქციები განახლდა. ალჟირში არჩევნები 18 აპრილს არის დაგეგმილი.