„ალბატროსი“ - გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანიის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებები ინახება, არის მიზანმიმართული პროვოკაცია
„ალბატროსი“ - გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანიის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებები ინახება, არის მიზანმიმართული პროვოკაცია

ბოლო რამდენიმე თვეა „ალბატროსის“ წინააღმდეგ მიზანმიმართული, აგრესიული კამპანია გრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კომპანია „ალბატროსი“ ავრცელებს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის გარკვეული ძალების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია.

„ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტის თვეში კომპანია სკანდალში გახვია ყოფილმა თანამშრომელმა. თემა იყო საკმაოდ მძიმე და სენსიტიური, თითქოსდა ჩვენ წამებით მოკლული ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ფოტოები შენობის კედლებიდან ჩამოვხიეთ. სათვალთვალო კადრებში ნათლად ჩანს, რომ ფოტოები თვითონ ჩამოცვივდა. ჩვენ ეს კადრები არ გავასაჯაროეთ და არ გავაგრძელეთ დავა, რადგან ჩავთვალეთ, რომ არ ღირდა ამ მართლაც ძალიან მტკივნეული თემით აპელირება.

დღეს კი, 30 ივნისს, იგივე ძალების მიერ დაიგეგმა ახალი პროვოკაცია კომპანია „ ალბატროსის“ მისამართით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე გარკვეული სახის ნარკოტიკული საშუალებები ინახება. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არ არის „კომპანია ალბატროსის“ მფლობელობაში და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც კომპანია „ალბატროსის“ დისკრედიტაციას ემსახურება“, – აღნიშნულია „ალბატროსის“ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შპს „ალბატროსში“ დღეს საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართა ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, შპს “ალბატროსის” შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახება.