ალბანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა ათობით ადამიანი, ისინი სავარაუდოდ ნანგრევებში არიან მოყოლილნი. მაშველებმა ამ დრომდე ნანგრევებიდან 42 გადარჩენილი გამოიყვანეს. მიწისძვრის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს 600-ზე მეტი დაშავებული გადის.
ალბანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დედაქალაქ ტირანასთან ახლოს მოხდა. შედეგად რიგი შენობები დაზიანდა ან დაინგრა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიწისძვრის ბიძგები ყველაზე მეტად დედაქალაქ ტირანაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იგრძნობოდა.
სეისმოლოგების ინფორმაციით, განმეორებითი ბიძგების სიმძლავრე ხუთ მაგნიტუდას აღემატებოდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ალბანელ პროფესიონალებს იტალიელი, გერმანელი, ფრანგი, თურქი და სერბი კოლეგებიც შეუერთდებიან.
ბოლოს მსგავსი მასშტაბის მიწისძვრა ალბანეთში 1979 წელს მოხდა. მაშინ 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს 136 ადამიანი შეეწირა, ათასზე მეტი კი დაშავდა.