ალბანეთში განათლების სისტემაში ცვლილებების მოთხოვნით დემონსტრაციები მიმდინარეობს
ალბანეთში განათლების სისტემაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით მასშტაბური დემონსტრაციები მიმდინარეობს.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, შესაძლოა, შიმშილობა გამოაცხადონ. ბალკანური ქვეყნის სტუდენტები უკვე მერვე დღეა განათლების სისტემაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით მასშტაბურ დემონსტრაციებს მართავენ. მასობრივი პროტესტი ერთდროულად რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარეობს.
6 დეკემბერს ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და გამოცდების ჩატარების სანაცვლოდ თანხის გადახდა გააუქმა. თუმცა ამის შემდეგ სტუდენტებმა რიგი მოთხოვნები დააყენეს. მათ შორის არის სწავლის გადასახადის განახევრება და განათლების სფეროს ბიუჯეტის გაზრდა.
აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ათასობით სტუდენტი ყოველდღიურად დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, განათლების სამინისტროსთან ახლოს მდებარე საავტომობილო გზებს კეტავს და დემონსტრაციებს მართავს.
სტუდენტებმა უარი თქვეს დიალოგზეც, რომლის ინიციატივით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედი რამა გამოვიდა. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე უნდა დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციები გაცილებით მასშტაბურ სახეს მიიღებს.
ალბანეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლების წლიური გადასახადი 160-დან 2600 ევრომდე მერყეობს. მაშინ როდესაც საშუალო თვიური შემოსავალი 350 ევროა. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლეს განათლებას ამ დროისთვის 10 ათასი ახალგაზრდა იღებს.