ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არსებითი მოლაპარაკებები დაიწყო
ალბანეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არსებითი მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ევროკავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ალბანეთის ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნიდან 2 წლის შემდეგ არსებითი დიალოგი ტირანასა და ბრიუსელს შორის 15 ოქტომბერს დაიწყო. ლუქსემბურგში გამართულ პირველ შეხვედრაზე მხარეებმა ალბანეთში კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
„ჩვენ მოვამზადებთ ალბანეთს 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ.
მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ დასავლეთ ბალკანეთი ევროკავშირს გასაძლიერებლად სჭირდება, ამასთან თავად დასავლეთ ბალკანეთსაც სჭირდება ევროკავშირში გაწევრება.
„ჩვენ, ალბანელებს, არ შეიძლება, გვქონდეს სათადარიგო გეგმა, როდესაც საქმე ეხება პირად თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. ევროკავშირის წევრობის ნებისმიერი ალტერნატივა ნიშნავს ჩვენ მიერ არჩეულ ცხოვრების წესზე უარის თქმას“, – განაცხადა ალბანეთის პრემიერ მინისტრმა.
ალბანეთი ნატო-ში 2009 წელს გაწევრიანდა და ამავე წელს შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დიდი ხნის განმავლობაში დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ევროინტეგრაციასთან.