ალბანეთის პრემიერი -ჩვენთან ლტოლვილთა ცენტრის განთავსებას, ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდაც არ დავთანხმდებით
ალბანეთი თავის ტერიტორიაზე მიგრანტთა ცენტრების შექმნაზე უარს აცხადებს, ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა.
„ჩვენ არასდროს მივიღებთ ევროკავშირის ასეთ ბანაკებს ლტოლვილებისთვის“, განაცხადა ალბანეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ ასეთი ცენტრების შექმნა იმას ნიშნავს, რომ მიგრანტებს ექცევიან როგორც „არასასურველ ნარჩენებს“.
რამას თქმით, ალბანეთი ყოველთვის მზად არის, ითანამშრომლოს ევროკავშირთან საერთო ევროპული პრობლემების გადასაწყვეტად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი ქვეყანა პრობლემებს სხვების ნაცვლად გადაწყვეტს.
ალბანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა ცენტრის განთავსებას ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობის სანაცვლოდაც არ დათანხმდება. მიგრაციული ცენტრების ბალკანეთში შექმნას პოლიტიკოსი საფრთხის შემცველად აფასებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირი ორგანიზაციის ფარგლებს გარეთ მიგრანტებისთვის ცენტრების შექმნის შესაძლებლობას განიხილავს.