ალბანეთის პრემიერი აცხადებს, რომ საჯარო სერვისებზე კიბერთავდასხმის გამო, ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს
საჯარო სერვისებზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო, ალბანეთი ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.
აღნიშნულის შესახებ დღეს ალბანეთის პრემიერმა ედი რამამ განაცხადა.
პრემიერის თქმით, კიბერთავდასხმა 15 ივლისს განხორციელდა და მიზნად ისახავდა ალბანეთის ციფრული ინფრასტრუქტურის განადგურებას და საჯარო სერვისების პარალიზებას.
„თავდასხმა ჩავარდა და ზიანი შეიძლება, განხილულ იქნას მცირედ და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობით. დადასტურდა, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ირანის მიერ, რომელმაც დააფინანსა ოთხი სხვადასხვა დაჯგუფება ალბანეთზე თავდასხმის მოსაწყობად“,- განაცხადა რამამ.
მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები ირანთან.
„ეს გადაწყვეტილება ოფიციალური ნოტით ეცნობა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს. 24 საათში მთელმა დიპლომატიურმა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურმა პერსონალმა, მათ შორის უსაფრთხოების პერსონალმა უნდა დატოვონ ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორია“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არასასურველია, მაგრამ სრულად ასახავს კიბერშეტევის სერიოზულობასა და საშიშროებას, რომელიც ემუქრებოდა საჯარო სერვისების პარალიზებას, სისტემების წაშლასა და მონაცემთა მოპარვას.