ალბანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტზე მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს არ უსმენენ
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტზე მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს არ უსმენენ

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა აკრიტიკებს მსოფლიო ლიდერებს, რადგან გაერო-ს კლიმატურ სამიტზე ისინი ერთმანეთს არ უსმენენ. ამის შესახებ მან ბაქოში გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ედი რამას თქმით, მან თავისი მომზადებული სიტყვის წარმოთქმა მას შემდეგ გადადო, რაც ნახა, რომ ლიდერების მოსასვენებელ ოთახებში სხვა ლიდერების გამოსვლების დროს ტელევიზორებს ხმა გამორთული ჰქონდა.

„მე გადავწყვიტე, ჩემი კარგად მომზადებული სიტყვა გვერდზე გადამედო, რადგან ვუყურებ დადუმებულ ტელეეკრანებს ლიდერების „ლაუნჯში“, სადაც ორგანიზატორებმა გააზრებულად დაამატეს მწვანე მცენარეები კომფორტული სავარძლების გვერდით. იქ ადამიანები ჭამენ, სვამენ, ერთმანეთს ხვდებიან, იღებენ ფოტოებს, ამასობაში კი ფონად ტრიალებს სხვა ლიდერების უხმო გამოსვლები. ჩემი აზრით, ეს ჰგავს ზუსტად იმას, რაც რეალურ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება. ცხოვრება მიდის ძველი ჩვევებით და ჩვენი კარგი სიტყვები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაზე არაფერს ცვლის. მეტიც, როგორც გუშინ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნახშირბადის ემისია წინა კლიმატური სამიტიდან ამ სამიტამდე კიდევ უფრო გაიზარდა“, – განაცხადა ედი რამამ.

ალბანეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციას საერთოდ არ ესწრება.

„მე შორს ვარ იმისგან, რომ ვინმეს ჭკუა ვასწავლო. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ჭკუას ჩვენ გვასწავლიან და არა ჩვენ – სხვებს, თუმცა მინდა, ვთქვა შემდეგი: რა ჯანდაბას ვაკეთებთ ამ შეკრებაზე კვლავ და კვლავ, თუკი ჰორიზონტზე არ ჩანს საერთო პოლიტიკური ნება, სიტყვების გარდა, რომ გავერთიანდეთ მნიშვნელოვანი ქმედებებისთვის? და ამ ყველაფერთან ერთად, ზოგიერთი მსხვილი და პატარა მოთამაშეები საერთოდ ბოიკოტს უცხადებენ ამ ყოველწლიურ გლობალურ ღონისძიებას. რას ნიშნავს ეს?“ – თქვა ედი რამამ.