ალბანეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს
ალბანეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეჭრა სცადეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, პარლამენტის შენობასთან ასობით ოპოზიციონერი დემონსტრანტი იყო შეკრებილი, რომლებმაც პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

დემონსტრანტებმა პიროტექნიკა ისროლეს პოლიციის მიმართულებით, სამართალდამცველებმა კი წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დემონსტრაცია ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ, რომლებიც აპროტესტებდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებას, დააჯარიმოს რვა ოპოზიციონერი დეპუტატი ათი დღის განმავლობაში სესიების გაცდენისთვის.

ალბანეთში, ოპოზიციის ორგანიზებით, პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლა შაბათსაც გაიმართა. აქციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ედი რამას კორუფციაში სდებენ ბრალს.