ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი აცხადებს, რომ სინოდის წევრების ილია მეორესთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში იგეგმება
სინოდის წევრების ილია მეორესთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში იგეგმება, – განაცხადა ბზობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა. თუმცა აბბა ალავერდელს შეხვედრის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
მისი განმარტებით, პატრიარქთან ერთად განიხილავენ საკითხს, რომელიც კორონავირუსზე სასულიერო პირების შესაძლო ტესტირებას ეხება.
„თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, ამბობენ, რომ სწრაფი ტესტი არ არის სანდო და ლაბორატორიის პასუხი უფრო სანდოა. თუ ვთქვათ, არ არის სანდო, რომლითაც შეიძლება ვიღაცას მძიმე ტვირთად დავადოთ უარყოფითი პასუხი, მაშინ სჯობს, თავი შევიკავოთ. თუ გადაწყდება, რომ უნდა ჩატარდეს ერის ადამიანების, სასულიერო პირების აუჩქარებელი ტესტი, ჩვენთვისაც საინტერესოა, ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, ოღონდ, ამაზე გადაჭრით პასუხი არ არის, დავიცდით. შეხვედრა შედგება კათოლიკოს-პატრიარქთან და ეს საკითხი დღის წესრიგში თუ დადგა, იქ ვიმსჯელებთ“,- აღნიშნა მეუფემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიეკუთვნებიან თუ არა სასულიერო პირები რისკჯგუფს, ალავერდელი მიტროპოლიტი პასუხობს:
„ის, რომ დამშვიდდეს ვიღაც, შეიძლება თავს ვიდოთ ეს შრომა. რისკჯგუფს რომ მივეკუთვნებით, რადგან ბევრ ადამიანს ვხვდებით, ესეც ფაქტია. მაგრამ სიმშვიდე ყველაზე უკეთესია. თუკი იქნება ესეთი მოთხოვნა, თუკი იქნება ასეთი მსჯელობა და ერთობლივი გადაწყვეტილება, დავექვემდებარებით გადაწყვეტილებას.“, – აღნიშნა აბბა ალავერდელმა დავითმა.