ალასკაზე, ტურისტულ ქალაქ კეტჩიკანში მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი პირი. ადგილობრივი საგანგებო სამსახურის ცნობით, ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანდა ან განადგურდა ხუთამდე სახლი. დაახლოებით 40 საცხოვრებლიდან ევაკუაციის განკარგულებაა გაცემული. სტიქიის ზონაში ათობით სახლს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
„კეტჩიკანში ჩემი 65-წლიანი ცხოვრების განმავლობაში ასეთი მასშტაბის მეწყერი არასდროს მინახავს“, – განაცხადა ქალაქის მერმა, დეივ კიფერმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მეწყრის ჩამოწოლის ადგილის მიმდებარე რაიონში მდგომარეობა არასტაბილური რჩება, არსებობს მეწყრის განმეორების საფრთხე, ამიტომ საგანგებო სამსახურები მზადყოფნაში არიან.
მეწყერი ალასკის ქალაქში ძლიერ წვიმას მოჰყვა.