ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებულ 33 წლის მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები არ აქვს
ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებულ აფეთქების შედეგად დაშავებულ 33 წლის მამაკაცს ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება, მისი ჭრილობები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის, – ამის შესახებ მედიასთან, პაციენტის სამედიცინო კვლევების დასრულების შემდეგ, მკურნალმა ექიმმა, ლევან ბესელიამ განაცხადა.
დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმის თქმით, კლინიკაში შეყვანის დროს მას აღენიშნებოდა ტრავმული შოკი და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
ლევან ბესელიას ინფორმაციით, პაციენტმა ჭრილობები მიიღო სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის სახეზე.
„შემოყვანისას დაფიქსირდა ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დამწვრობა სახის, კისრის და გულ-მკერდის არეში. ჭრილობები მხრის, კისრის არეში მრავლობითი ეკსკორიაციები. შემოყვანისას პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩატარებულია სრულყოფილი კვლევა, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. მძიმე მწვავე დაზიანებები აღმოჩენილია ფილტვის არეში, დაჟეჟილია ფილტვი. სხვა დაზიანებები არ იქნა ნანახი. პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები არ არის. ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს“, – განაცხადა ექიმმა.
ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული სამი პირიდან აღნიშნულის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა.
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია. დაშავებულები ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.