ალაბამას შტატში სენატის არჩევნებში დონალდ ტრამპის ფავორიტი როი მური დემოკრატმა დაგ ჯონსმა დაამარცხა.
63 წლის ყოფილი პროკურორი პირველი დემოკრატია ბოლო 25 წლის განმავლობაში, რომელმაც ალაბამაში სენატის არჩევნები მოიგო.
არჩევნებში მხარდაჭერას როი მურს აშშ-ის პრეზიდენტი მას შემდეგაც უცხადებდა, რაც მას სექსუალურ შევიწროებაში დასდეს ბრალი. რესპუბლიკელების დიდი ნაწილი მურს გაემიჯნა, როცა 70 წლის ყოფილ მოსამართლეს გოგონებზე ძალადობაში დასდეს ბრალი.
რესპუბლიკელი მური ბრალდებების გარდა მკვეთრად ანტი-ლგბტ მოსაზრებებით გამოირჩევა და ჰომოსექსუალიზმის არალეგალურობაზე ხშირად საუბრობს.
თუმცა მთავარი მიზეზი, რამაც ვაშინგტონელი კონსერვატორების შეცბუნება გამოიწვია, მის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებები იყო. ქალების ნაწილის განცხადებით, მურის მსხვერპლები თინეიჯერობის ასაკში გახდნენ. ერთ–ერთი ბრალმდებლის თქმით, ის მაშინ 14 წლის იყო.
სწორედ ამ სკანდალმა მისცა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად ალაბამას შტატში გამარჯვების შანსი დემოკრატ კანდიდატს.