სოხუმში აცხადებენ, რომ რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთის წარმომადგენელთა შუამავლობამ
ოკუპირებულ სოხუმში, ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ახრა ავიძბამ განუცხადა.
როგორც ავიძბა ამბობს, ახლა სიმშვიდეა და ყველა ახალი, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
„გუშინ ჩვენ გავათავისუფლეთ მთავრობის ადმინისტრაციის შენობა და გადავეცით სახელმწიფო დაცვის სამსახურს. ხალხიც გავუშვით სახლში. რაიმე პოლიტიკური სარგებლის მიღებას ამ პროცესით არ ვაპირებ. პროცესში ხალხის სურვილით ჩავერთე. მიუხედავად იმისა, რომ ისმოდა გარკვეული სპეკულაციები ამ თემაზე, მე არ ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ასაკი არ მიწყობს ხელს“, – განუცხადა ახრა ავიძბამ საქართველოს პირველ არხს.
ავიძბამ აღნიშნა, რომ „რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, დიდი გავლენა იქონიეს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს“.
„ფედერაციის წარმომადგენლებმა ვითარების ნორმალიზებაში სერიოზული წვლილი შეიტანეს. მათ დიდი ავტორიტეტი აქვთ როგორც ოპოზიციაში, ისე მთავრობაში. ისინი ჩამოვიდნენ, ჩვენ შორის ჩადგნენ და ორგანიზება გაუწიეს შეხვედრებს. ასე ავირიდეთ სისხლისღვრა. რუსეთის ფედერაციაში ყველა პოლიტიკური ფიგურა თუ პირი, ვინც აკვირდება აფხაზეთს და ამ თემებზე მუშაობს, თავის დროზე მხარს უჭერდა რაულ ხაჯიმბას. მათ ნახეს, რომ ხალხი და ოპოზიცია ერთად იდგნენ. მოსკოვში კი, ყოველთვის უმნიშვნელოვანესია, რომ აფხაზი და რუსი ხალხი ერთად იდგეს. მათ აუხსნეს ხაჯიმბას – ჩვენ გაფასებთ და პატივს გცემთ, მაგრამ თქვენს ხალხს მოუსმინეთ. ვფიქრობ, სწორედ იმან, რომ მათ თვალები აუხილეს, იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე“, – აღნიშნა ავიძბამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოხუმში ჩავიდნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი.