ახმეტის სოფელ ბაბანეურის მოსახლეობამ საძოვრების გასხვისების წინააღმდეგ აქცია გამართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურის მოსახლეობამ საძოვრების გასხვისების წინააღმდეგ აქცია გამართა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის მიწას, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებს.
„სოფლის მიმდებარე ტყე ნაკრძალია. პირუტყვი იქ რომ შევიდეს, ჯარიმას დაგვიწერენ. ეს პატარა ადგილი გვაქვს, რომელსაც საძოვრად ვიყენებთ და ეგეც თუ სხვისი საკუთრება გახდება, მაშინ საქონლის გაყიდვა მოგვიწევს და შემოსავლის გარეშე დავრჩებით“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე სათენიკა გაიპარაშვილმა.
დღესვე აქციის მონაწილეებთან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური ჩავიდა. მისი განმარტებით, აუქციონზე გატანილი მიწა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ამასთან, აღნიშნა, რომ კომუნიკაცია აქვს შესაბამის უწყებასთან და ელოდება საკითხის გადაწყვეტას.
„მიწას საძოვრის სტატუსი არ გააჩნია და როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აუქციონზე ეკონომიის სამინისტრომ გამოიტანა. მიმაჩნია, რომ სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა სამართლიანია. მათ არ აქვთ ალტერნატიული ფართობი, რომელსაც საძოვრად გამოიყენებენ. მაქვს კომუნიკაცია შესაბამის უწყებასთან და ველოდები საკითხის გადაწყვეტას“, – განცხადა ფიცხელაურმა.
წინასწარი ინფორმაციით, 9 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სავარაუდოდ სასტუმროს აშენება იგეგმება, სადაც ინვესტორი 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ბაბანეურის მოსახლეობა აცხადებს, რომ მიწის გასხვისებას არ დაუშვებს.