ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის მოსახლეობა სოფლის სტადიონზე სკოლის აშენებას აპროტესტებს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, სოფლის სტადიონზე სკოლის აშენება იგეგმება, რასაც ეწინააღმდეგებიან.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტადიონი ერთადერთი ადგილია, სადაც სოფლის ახალგაზრდებს გართობა შეუძლიათ. მათი თქმით, სტადიონის მოპირდაპირედ არის ტერიტორია, სადაც ახალი სკოლის აშენებაა შესაძლებელი.
სოფელ ქორეთში დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაშია განთავსებული. მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ კი, მოსწავლეები მეზობელ სოფლებში აგრძელებენ სწავლას. მოსახლეობა ამბობს, რომ სხვა სოფელში გადასვლით მოსწავლეებს ახლად გაცნობილ თანატოლებთან ხშირად პრობლემები აქვთ, ფიქსირდება ბულინგის შემთხვევებიც.
„ოთხწლიანი სკოლა ისედაც გვაქვს, თუკი ახალი უნდა ააშენონ, მაშინ დაწყებითის ნაცვლად, საბაზო აგვიშენონ“, – ამბობს სოფლის მკვიდრი, ასმათ ქავთარაშვილი.
როგორც პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა განუცხადა, ადგილობრივების მოთხოვნის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურს უკვე აცნობა.
„ჩამოვლენ სამინისტროდან, შევხვდებით მოსახლეობას და საკითხს ისე გადავწყვეტთ, როგორც ადგილობრივებისთვის იქნება მისაღები“, – განაცხადა იოსებ ქარუმაშვილმა.