ახმეტელის მეტროსთან ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა აქცია გამართა
ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და იმ მიკროავტობუსების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ, რომლებიც სამი წლის წინ უნდა გადასცემოდათ.
აქციის მონაწილეების თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გამართავენ.
„ლურჯი მიკროავტობუსების შემოსვლის შემდეგ ძალიან კაბალური პირობებია, დაბალი ხელფასები, მძღოლის სრული დაუფასებლობა. ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მალე გადმოგვცენ საკუთრებაში ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, რომლებზეც დიდი თანხები გვაქვს გადახდილი. შვიდის მაგივრად, ცხრა წელი ვიხადეთ და კიდევ არ არის ჩვენს საკუთრებაში გადმოსული. მეორე არის მძღოლის სათანადო ანაზღაურება, მძღოლების დაზღვევას, დაზღვევის გადახედვას არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ მანქანის დაზღვევის. 500-ლარიანი „ფრანჩიზა“ რომ დააკისრეს მძღოლებს, ესენი უნდა გაუქმდეს აუცილებლად. ყვითელ მიკროავტობუსზე აღარ ვმუშაობ, რადგან ჩანაცვლდა ლურჯით. ჩემი ნებით წამოვედი. ოთხი თვეა, აღარ ვმუშაობ ყვითელ მიკროავტობუსზე. ყვითელი მიკროავტობუსის შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველაფერს უზრუნველვყოფდით ჩვენ. მანქანის ცვეთას, საბურავი იქნებოდა თუ ძრავი, ყველაფერს. მოიჯარე ვინც ვიყავით, ვიხდიდით საგადასახადოს შემოსავლების სამსახურში, ყოველდღიურად შეგვქონდა დაწესებული გეგმა. ლურჯის შემთხვევაში, თვითონ რიცხავენ ხელფასს, საბარათე სისტემაზე გადავიდა მთლიანად. ტექნიკური უზრუნველყოფა, ლურჯის შემთხვევაში, კომპანიის ვალდებულებაა, ოღონდ იყო შემთხვევები, როცა წვრილმან დაზიანებებზე ავალდებულებენ მძღოლს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა, ავთანდილ კაკიაშვილმა.
ამასთან, აქციაზე იმყოფებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს. ვაშაძის თქმით, დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი და თუ მძღოლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ყვითელი მიკროავტობუსებით მთელი თბილისი გადაიკეტება.
„ყოველწლიურად, ჩვენი დათვლებით, კალაძემ 43 მილიონი ლარი ამოიღო 5 ათასამდე ადამიანის ოჯახების ჯიბიდან და ჩაიდო ჯიბეში კომპანიასთან გარიგებით. ლურჯი მიკროავტობუსები იყიდა მერიამ. ეს მარშრუტკები არ გადაეცა მოიჯარეებს, გადაეცა კომპანიას, რომლისგანაც წილი მისდის პირადად კალაძეს. ეს ადამიანები ითხოვენ ძალიან მარტივ რაღაცას. პირველი, გადაუფორმდეს ყვითელი მარშრუტკები როგორც იყო შეთანხმებით გაფორმებული. მეორე, დაუბრუნდეთ ის საიჯარო უფლებები, რაც მათ ჰქონდათ. მესამე – მძღოლებს სულ მცირე იგივე სახელფასო პირობები უნდა ჰქონდეთ, რომელიც ჰქონდათ მანამდე. დღეს არის გამაფრთხილებელი აქცია. თუ ასე არ გაკეთდა, პირობას ვაძლევ კალაძეს, ამ უსამართლობაში ვიქნები ამ ადამიანების გვერდით ბოლომდე და ისინი სამართალს აუცილებლად მიაღწევენ. 1 600 ყვითელი მარშრუტკაა. აქედან 800-დან 1 000-მდე უკვე ჩანაცვლდა, მიდის ჩანაცვლების პროცესი. ასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი. არ შეისმენენ, გადაიკეტება მთლიანად თბილისი, ყვითელი მიკროავტობუსები გადაკეტავენ მთელ თბილისს. ეს მიკროავტობუსები შემოიყვანეს 2011 წელს. შვიდ წელიწადში უნდა გადაფორმებოდათ. მერე გადაავადეს კიდევ ორი წლით. 2020 წელს ყველა ვადა ამოიწურა. ყვითელი მარშრუტკა ამ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.