ახმეტაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ახმეტაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ახმეტაში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად მეზობელი – 1952 წელს დაბადებული ლ.ხ. სანადირო თოფიდან გასროლით სახის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ. ხ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.