ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. ორ რეგიონს შორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი კვეტერას ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფელ საბუემდე მოეწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას თიანეთისა და ახმეტის მერები თამაზ მეჭიაური და იოსებ ქარუმაშვილი ადგილზე გაეცნენ.
„აღნიშნული საავტომობილო გზა ერთმანეთთან დააკავშირებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონს, ამასთანავე ეს არის ფშავ- ხევსურეთთან, ყაზბეგთან და რუსეთის საზღვართან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა”, – განაცხადა ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.
„ახმეტა-თიანეთის გზა ილტოს ხეობის სოფლების ნაწილზე გადის. მიმდინარე წელს ხეობის სხვა სოფლების გზის რეაბილიტაციასაც ვგეგმავთ, რაც ხელს შეუწყობს ილტოს ხეობის სოციალურ- ეკონიმიკური პირობების გაუმჯობესებას”,- აღნიშნა ქარუმაშვილმა.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია ასრულებს. საავტომობილო გზის რებილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით „შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისათვის“ (SRAMP) ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 18 964 873 ლარს შეადგენს.
ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.