ახლად რეაბილიტირებულ ბარათაშვილის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო
ახლად რეაბილიტირებულ ბარათაშვილის აღმართზე LED განათების ქსელი მოეწყო. ქუჩა სიმბოლურად თბილისის მერმა კახა კალაძემ გაანათა.
როგორც მერმა განაცხადა, პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი დიზაინის 27 ერთეული გარე განათების ბოძი და ენერგოეფექტური LED სანათები დაამონტაჟა.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია განვახორციელეთ. მადლობა მინდა გადაუხადო მოსახლეობას მზარდაჭერისთვის, თანადგომისა დამოთმინებისთვის, რადგან გარკვეული დისკომფორტი იყო სამუშაოების მიმდინარეობისას. იყო შეზღუდვები, მაგრამ ვხედავთ, რა გაკეთდა. ეს არის ჩვენი მიდგომა, რომ სადაც ვახორციელებთ სარეაბილიტაციო პროექტებს, გვინდა, რომ ყველაფერი ძირფესვიანად იყოს გაკეთებული და არა ზედაპირულად.
შეიცვალა ყველანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დამონტაჟდა განათებების ახალი ბოძები. კაბელები, რომელიც ჰაერში გადიოდა, ამახინჯებდა გარემოს და ძალიან ულამაზო იყო. ყველაფერი მიწისქვეშ ჩავიტანეთ. ყველა ქუჩასა და უბანში, სადაც შევალთ სარეაბილიტაციო სამუშაოებით, ზუსტად ასეთი ფორმით ჩატარდება. მოეწყო ასევე სპეციალური ზოლი ავტობუსებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობისთვის და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს კერძო ავტომობილს.
„დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი კერძო ავტომობილიდან გადაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.