ხელვაჩაურში საპროტესტო აქცია გაიმართა. ახალსოფლის სამკერვალო ფაბრიკის მუშები სამი თვის სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ.
„სამი თვეა არ მიგვიღია ხელფასი, რამდენიმე დღის წინ უმრავლესობა დაგვითხოვეს ისე, რომ დღემდე არ ვიცით, სამკერვალო საერთოდ დაიხურა, თუ დროებით. ხელფასებზე საერთოდ არავინ გველაპარაკება”,-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციაზე ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათი განცხადებით, ფაბრიკის ხელმძღვანელობისგან მიიღეს დაპირება, რომ 10 ივნისამდე ხელფასებს გასცემდნენ, თუმცა დანაპირები არ შესრულდა. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, სასამართლოს მიმართონ.
ფაბრიკა თურქული ინვესტიციით 7 თვის წინ გაიხსნა და ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო, მუშაობა შეწყვიტა. ხელმძღვანელობა ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის.