ახალქალაქში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, გამოძიება დაიწყო ჯგუფური ძალადობის ფაქტზეც
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი.
სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა დაკავების მიზნით.
ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. ადგილობრივების თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება. მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება დააზიანეს.