ახალქალაქში, კანიონში მდებარე ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში, ფარავნისწყლის მარჯვენა ნაპირზე, კანიონში მდებარე XIII საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეკლესია დგას კანიონში და აგებულია სხვადასხვა ზომის ნათალი ქვით. აღმოსავლეთის კედელი კლდეშია შესმული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს.
ობიექტი მსგავსია თავისი ეპოქის დარბაზული ეკლესიებისა. სააგენტომ გადაწყვეტილების მიღებისას შესაბამისი კრიტერიუმით იმსჯელა, მათ შორის მახასიათებლებით: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები (კაპიტელები, თაღოვანი სარკმლები, რელიეფი, წყობის ხასიათი და გარემოსთან/ლანდშაფტთან ურთიერთ-დამოკიდებულება).