ახალქალაქის სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა იხსნება
ახალქალაქის სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა იხსნება

19 აპრილს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნება.

სკოლას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გახსნიან.

ამ ეტაპისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სრულად რეაბილიტირებული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვილ 6 საჯარო სკოლაა.

2016-2017 წლებში მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა. ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.

პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ჯამში სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 13 ათასი მოსწავლისთვის.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.