როგორც ყოველთვის საინტერესო გამოვიდა საფრანგეთის და ახალი ზელანდიის დაპირისპირება. “შავებმა” შეხვედრის მოგება პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გაინაღდეს. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა პირველ ორმოც წუთში შესანიშნავი სარაგბო შოუ დადგეს. მატჩის პირველი ლელო დენ კოულსმა მე-8 წუთზე დადო. 21-ე წუთზე თავი უკვე ნაჰოლომ გამოიჩინა, რომელიც საუცხოო ფორმაშია. ძალიან კარგად გამოიყურებოდა შუამარბების – რაიან კროტისა და სონი ბილ ვილიამსის წყვილი. დაპირისპირების მესამე ლელო სწორედ რაიან კროტის ანგარიშზეა. ტაიმის მიწურულს კი თავისი ლელო სემ ქეინმაც დაამიწა. მასპინძლების მხრიდან თავი ტედი თომამ გამოიჩინა, რომელმაც ფრანგების იშვიათი იერიში კიდესთან ახლოს, შესანიშნავი ნახტომით დაასრულა.
პირველი ტაიმის შემდეგ – საფრანგეთი 5:31 ახალი ზელანდია.
განსხვავებული სცენარით წარიმართა შეხვედრის მეორე ტაიმი – ფრანგები მეტს აქტიურობდნენ და ანგარიშში სხვაობა ორი ჯარიმისა და საჯარიმო ლელოს წყალობით 13 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ბოლო წუთზე კვლავ ვაისაკი ნაჰოლომ გაილაღა და საბოლოო ანგარიში 18:38 დააფიქსირა.
სათამაშო დღის სხვა მატჩებში ასეთი ანგარიშები დაფიქსირდა:
გერმანია 45:12 ბრაზილია
იტალია 19:10 ფიჯი
შოტლანდია 44:38 სამოა
ინგლისი 21:8 არგენტინა
უელსი 21:29 ავსტრალია
ირლანდია 38:3 სამხრეთ აფრიკა