მოქნილმა კონტაქტურმა ლინზამ, რომელიც თვალის წნევას გრძნობს და მოთხოვნის შესაბამისად პრეპარატსაც გამოყოფს, შეიძლება გლაუკომა განკურნოს — სიბრმავის მეორე მთავარი გამომწვევი მიზეზი მსოფლიოში.
კომპაქტური უსადენო მოწყობილობა, რომელიც ჩინელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა და ღორისა და კურდღლის თვალებზე გატესტა, აფიქსირებს და ამცირებს თვალის მზარდ წნევას — გლაუკომის ერთ-ერთ ჩვეულებრივ მიზეზს.
გლაუკომა თვალის დაავადებათა ჯგუფის ერთიანი სახელია, რომელთა დროსაც ზიანდება ის ოპტიკური ნერვი, რომელიც ვიზუალურ ინფორმაციას თავის ტვინს გადასცემს და იწვევს მხედველობის შეუქცევად კარგვას და სიბრმავეს მილიონობით ადამიანში მთელ მსოფლიოში.
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც თვალის წნევაში ცვლილებებს აფიქსირებს და საჭიროების შემთხვევაში სამკურნალო პრეპარატსაც გამოყოფს.
თვალის ასეთი მდგომარეობის სამკურნალო პორტატული მოწყობილობის ან კონტაქტური ლინზების შექმნის მცდელობა ბოლო პერიოდში ფოკუსირებული იყო თვალში წნევის ცვლილების შეგრძნებაზე ან წამლის მიწოდებაზე, მაგრამ არა ორივე ამ საქმეზე; შესაბამისად, გლაუკომის მკურნალობა მოიცავს თვალის წვეთებს, ლაზერულ თერაპიას ან ქირურგიულ ჩარევას თვალის წნევის შესამცირებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ამაღელვებლად ჩანს, გახსოვდეთ, რომ მრავალი ჭკვიანი სამკურნალო მოწყობილობის გამოცდის მიუხედავად, გლაუკომის ადრეული დაფიქსირება და დროული მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„დაფიქსირების შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა გლაუკომას აჩერებს ან ანელებს მის გაუარესებას“, — წერდა 2020 წელს მკვლევარი ჯეიმი შტაინმეცი.
თუმცა, გლაუკომის დაფიქსირება ძირითადად რთულია, რადგან პირველ რიგში ვითარდება პერიფერიული მხედველობა და მისი სადიაგნოსტიკო მოწყობილობები მხოლოდ თვალის შიდა წნევის გაზომვას უზრუნველყოფს, რაც აქტივობისა და დაძინება-გაღვიძების ციკლთან ერთად მერყეობს. შესაბამისად, მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია.
გამომდინარე აქედან, დიდებული იქნებოდა კონტაქტური ლინზა, რომელიც თვალში კომფორტულად თავსდება და მედიკამენტებსაც აწვდის. თუმცა, პატარა, მოქნილ, გამრუდებულ და ულტრათხელ კონტაქტურ ლინზებში ელექტრული წრედებისა და სენსორების ჩადგმა სერიოზულ საინჟინრო გამოწვევას წარმოადგენს.
იმისათვის, რათა ასეთმა მოწყობილობამ იმუშაოს, საჭიროა საკმარისად მგრძნობიარე იყოს, რომ დააფიქსიროს წნევის ცვლილებები და გამოყოს საჭირო წამლის ზუსტი დოზა, თანაც ეს ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ არ დაბლოკოს მხედველობა და თვალი არ გააღიზიანოს.
ჩინეთის სან-იატ-სენის უნივერსიტეტის ელექტროინჟინერმა ჩენგ იანგმა და მისმა კოლეგებმა ამ მხრივ წარმატებას მიაღწიეს — სულ მცირე, შექმნეს პროტოტიპი ლინზა, რომელსაც შიგნით მრავალი სენსორი აქვს, რათა თავიდან აიცილოს თვალის შესაძლო გაღიზიანება და ასევე აქვს უნიკალური, ლაზერით ამოჭრილი, თოვლის ფიფქის ფორმა.
ის შექმნილია მწვავე, კუთხედახურული გლაუკომის სამკურნალოდ — ეს გახლავთ გლაუკომის ნაკლებად გავრცელებული ფორმა, რომელიც თვალში უცაბედი ან თანდათანობითი სითხის წნევის დაგროვებით ხდება.
მკვლევართა განცხადებით, ორშრიანი ლინზა დაფარულია გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატის, ბრიმონიდინის საფარით, შუაში კი აქვს ჰაერის ულტრათხელი ფენა. ეს ფენა ჩართულია ელექტრულ წრედში, რომელიც თვალშიდა წნევის ცვლილებებს გრძნობს მაშინ, როცა თვალიდან გაერთ მიმართული წნევა ჰაერის პარკუჭებს კუმშავს.
როდესაც თვალის წნება ძლიერ სარისკო დონეს აღწევს, უსადენო სისტემა ბრიმონიდინის გამოყოფას იწვევს, რომელიც ლინზის ქვეშიდან გამოიყოფა თვალის რქოვანაზე და გადააქვს ელექტრულ დენს პროცესით, რომელსაც იონტოფორეზი ეწოდება.
„ლინზის ორმაგი შრე კომპაქტურ სტრუქტურას კიდის რეგიონებში მრავალი ელექტრული მოდელის განთავსების საშუალებას იძლევა, რის გამოც ის პაციენტის მხედველობას არ ბლოკავს“, — ამბობს იანგი.
აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა ჯერ მხოლოდ ღორის თვალის კაკალზე და ცოცხალ კურდღლებზე გაიტესტა. შესაბამისად, ადამიანებზე ცდების დაწყებამდე საჭიროა კიდევ უფრო მეტი კვლევა.
თუმცა, ამ ეტაპზე მეცნიერები იუწყებიან, რომ მათ მოწყობილობას შეუძლია თვალშიდა წნევის ცვლილებათა დაფიქსირება, გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოშვება იონტოფორეზის პროცესით და თვალის წნევის მკაფიოდ შემცირება.
ექსპერიმენტებში კურდღლების თვალების წნევა დაბალ ნიშნულზე დარჩა და ხელახლა არ აიწია, როგორც ბრიმონიდინის თვალის წვეთების შემთხვევაში, რომელსაც საკონტროლოდ იწვეთებენ; შესაბამისად, ეს ყველაფერი იმედისმომცემია.
„ეს ჭკვიანი სისტემა იმედისმომცემ მეთოდოლოგიებს გვთავაზობს, რომლებიც შეიძლება სხვა ოფთალმოლოგიურ დაავადებებზეც განვავრცოთ“, — წერენ მკვლევრები.
და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მკვლევრები აცხადებენ, რომ ლინზის დამზადების მეთოდი ფართომასშტაბიანი და ეკონომიური წარმოების საშუალებას იძლევა, იმავე პროცესების საშუალებით, რომლებსაც ამჟამად კომპიუტერის წრედის დაფების საწარმოებლად იყენებენ.
დაველოდოთ, ვნახოთ, რას გვიჩვენებს კვლევების შემდეგი ნაწილი.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.