ახალი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 70 მილიონი ევრო დაიხარჯება
ახალი სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 70 მილიონი ევრო დაიხარჯება

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გამოყოფილი 90 მილიონი ევროდან, ძირითადი ნაწილი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა.

მისივე თქმით, თანხა ასევე გადანაწილდება სკოლამდელი და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

„მსოფლიო ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი პარტნიორი განათლების რეფორმის დაწყების დღიდან. 90 მილიონი ევროდან ძირითადი რესურსი დაიხარჯება სკოლების რეაბილიტაციისთვის, რადგან მოგეხსენებათ ძალიან ბევრი სკოლა საჭიროებს ინფრასტრუქტურის განახლებას როგორც შიდა ნაწილის, ასევე გარე პერიმეტრის და ეს ყველაფერი მიმართული იქნება აქეთკენ. მნიშვნელოვანი კვირა იყო, გერმანიასთან მოვაწერეთ ხელი 22 მილიონი ევროს განათლების სისტემაში ინვესტირებას და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმისკენ, რომ ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ და გადავდგამთ განათლების რეფორმისთვის მხარდაჭერილია ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

ასევე, გარდა სკოლების რეაბილიტაციისა, თანამშრომლობა განსაზღვრულია უმაღლესი განათლების სფეროში და სკოლამდელ განათლებაში, ანუ ფაქტობრივად მთელს სისტემას მოიცავს, თუმცა ძირითადი რესურსი მიმართული იქნება სკოლების რეაბილიტაციისკენ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სასესხო ხელშეკრულება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკში გაფორმდა და მას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა.