ახალი საგზაო წესების ამოქმედების შემდეგ, საპატრულო პოლიციამ 52 495 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა
ახალი საგზაო წესების ამოქმედების შემდეგ, საპატრულო პოლიციამ 52 495 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა.
მონაცემები პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. სტატისტიკა 2017 წლის ივლისიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით მონაცემებს აერთიანებს.
მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი ალკოჰოლური სიმთვრალის ან სიმთვრალის გადამოწმებაზე თავის არიდების დარღვევის მაჩვენებელია 36 571 ფაქტი.
ამავე პერიოდში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვის 3305 ფაქტი გამოვლინდა.
რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა მართვის მოწმობის არმქონე პირების, ან სხვადასხვა დარღვევისთვის უფლებაშეჩერებული პირების მხრიდან ავტომობილის მართვის ფაქტები – პატრულმა 2017 წლის ივლისიდან დღემდე, ამ სახის დარღვევის 5 704 ფაქტი გამოავლინა.
გამოვლინდა 2096 დარღვევა, რომლის დროსაც სატრანსპორტო საშუალების მართვას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.
2017 წლის ივლისიდან 2019 წლის მიმდინარე პერიოდამდე ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვის, ან ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდების 29 შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯამში, ზემოთჩამოთვლილ და სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღრიცხულმა ფაქტებმა 52 495 შეადგინა.