ახალი რეგულაციებით, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება, საპენსიო სესხებიც გაცემის წესით გაიწერება
„ლიბერთი ბანკს“ აქვს გეგმა, რომ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეამციროს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
გვენეტაძემ მოუწოდა დეპუტატებს, თვალყური ადევნონ, თუ როგორ მცირდება საპროცენტო განაკვეთები საპენსიო სესხებზე.
„ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემულ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საგრძნობლად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ამ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 100%-ზე ადიოდა, დღეს არის შემცირებული და ამავე დროს ბანკს აქვს გეგმა, რომ საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეამციროს. გთხოვთ კიდეც, რომ მიადევნოთ თვალყური როგორ მცირდება საპროცენტო განაკვეთები საპენსიო სესხებზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პასუხისმგებლიანი დაფინანსების დებულებაზეც ისაუბრა, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევა.
„გარდა ამისა, პირველი იანვრიდან ჩვენ შემოგვაქვს პასუხისმგებლიანი დაფინანსების დებულება, სადაც ბევრი საკითხია გაწერილი და ერთ-ერთი საკითხია, თუ როგორ მოხდება საპენსიო სესხების გაცემა. ვფიქრობ, ესეც დაეხმარება ამ მიმართულებას. საბოლოოდ ეს არის ბანკის გადაწყვეტილება, რომელშიც ჩვენი მცირე წვლილი შევიტანეთ”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.